„ამ „დიადი“ ვირუსის ჟამს სახლში მოწყენილი ვიჯექი, როცა ფოსტაზე თსუ-ის გაზეთის რედაქტორისგან წერილი მივიღე. აღმოჩნდა, რომ დისტანციურ სწავლაზე გადასვლის გამო უნივერსიტეტის გაზეთიც დისტანციურ მუშაობაზე გადადის, რაც ნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, გაზეთი დროებით ვეღარ დაიბეჭდება. თუმცა, ჩვენ ხომ დიდი ხანია, ინდუსტრიულიდან ინფორმაციულ საზოგადოებაზე გადავერთეთ. დღეს კი დისტანციური მასალების, საჭირო ინფორმაციისა და ლიტერატურის მოძიება გაცილებით ხელშესახები და მარტივია, რაც გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ, საგანგებო ვითარებაში მსგავსი სწავლების მეთოდი საკმაოდ ეფექტური და ხელსაყრელი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეალური ურთიერთობების ხიბლს ვერ ჩაანაცვლებს“, — ეს პატარა მესიჯი დაწერა უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტმა დეა ცომაიამ თსუ-ის სტუდენტებისთვის დაგზავნილ კითხვარებზე ერთ-ერთ პასუხში და გრაფაში — რას მისდევთ? რას ქმნით? რა არის შენი ჰობი? — გვიპასუხა, რომ წერს ჩანახატებს და ხატავს. ეს პასუხი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ დეას პირადად დავკავშირებოდი და მინდა გითხრათ, რომ საოცრად საინტერესო ადამიანს წავაწყდი. გადმომიგზავნა თავისი ჩანახატები და შემდეგ უკვე ნახატები. პირველი, რაც თვალში მომხვდა, მისი ბუნებაა. წერის დროს ხომ მთლიანად იშიფრება ადამიანი, რაც არ უნდა ფანტაზიებით „აფერადოს“ ნაწერი. მივხვდი, რომ ჩვენი დღევანდელი რეალობის პირობებში ჩაუკარგავ და სიცოცხლისთვის საღად მებრძოლ დიდ-პატარა გოგოს მივაგენი, რომლისთვისაც ქართული ფასეულობები ისეთივე ძვირფასია, როგორც მათთვის, ვინც ხშირად ოხრავს — „ეს ახალგაზრდობა როგორი გაიზრდება? რა ეყვარება? რას დააფასებს?“-ო... ამ კითხვაზე დეას ბუნება პასუხობს მისივე ფანტაზიებით თუ რეალობის აღქმით გაჯერებული ჩანახატის თუნდაც ამ სტრიქონებით: „არ დავიწყებ წინასწარმეტყველებას იმაზე, თუ როგორ დასრულდება ყველაფერი. ადრე დავობლდი და ბებიამ გამზარდა. არასდროს მიგრძვნია სიცივე ან სიღარიბე, მაგრამ მხოლოდ მოგონებებით ვსაზრდოობდი. ყოველთვის მქონდა მიზანი, რომ ჩემი მდგომარეობა უკეთესობისკენ შემეცვალა. სახელმწიფო სასწავლებელში ვსწავლობდი, თუმცა ჩემი შემოსავალი მჭირდებოდა, საწყალი ბებიაც მისი პენსიით მარჩენდა და მას მეტად კისერზე ვეღარ დავაწვებოდი. ერთხელ სასწავლებელში რომ მივდიოდი, ტრავმაის გაჩერებაზე უცნაურ განცხადებას მოვკარი თვალი. მისამართი ჩავინიშნე, დავრეკე და გასაუბრებაზე რომ მივედი, დავინახე ჟანდინის უზარმაზარი და თვალწარმტაცი გალერეა, სადაც ერთი ფრანგული გარეგნობის ქალბატონი შემომეგება. მომესალმა და ღიმილით მითხრა: -მოხვედი? — მივესალმე და ხედით ტკბობა განვაგრძე, მან კი მოწიწებით მითხრა, რომ კვირაში ერთხელ მოლბერტები უნდა გამეწმინდა. არანაირი სამსახური არ მეთაკილებოდა, ამიტომ სიამოვნებით დავთანხმდი. იქ მქონდა საშუალება საათობით მეყურებინა გამოჩენილი მხატვრების ნახატებისთვის, შემეგრძნო ხელოვნების სიღრმეები და მძაფრად დამენახა საკუთარი ყოფა“ (ამონარიდი ჩანახატიდან — „შემოდგომის ნახანძრალი ტყეები“).
მე-10 კლასში იყო, როცა ქართული ენის მასწავლებელმა ბავშვებს სკოლაში მისული განაცხადი წაუკითხა მხატვრული წერის ოლიმპიადასთან დაკავშირებით. „სათაურმა მიმიზიდა და გადავწყვიტე მეცადა წერა... სწორედ ეს ოლიმპიადა იყო გამოწვევა — საკუთარ თავში პატარა მწერალი გამეღვიძებინა,“ — გვწერს დეა ცომაია. მოსწონს ფიქრი და კითხვების დასმა, ხშირად არსებულ პრობლემებზეც წერს პატარ-პატარა ჩანახატებს და შემდგომ ამ ყველაფერს მისივე ნახატებით ასურათებს. ხატავს 2 წლიდან. „უსაყვარლესი ბებია მყავდა, ერთად ვისხედით და ყველაფერს წარმოსახვით ვხატავდით. სწავლისა და დროის დეფიციტის გამო დიდ ასაკში ვეღარ ვუთმობდი ხატვას დროს, თუმცა მე-9 კლასში საოცარი ადამიანი გავიცანი, რომელმაც კვლავ მიბიძგა ხატვისკენ. ჯგუფურ გამოფენებში ბავშვობიდან ვმონაწილეობდი“, — გვწერს დეა. მისი რამდენიმე ნამუშევარი პოლონეთის საგამოფენო ინდუსტრიაშიც გააგზავნეს, შემდეგ, სამგორის გამგეობის ეგიდით, მისი ნახატების გამოფენით ჭირნახულის ქუჩა გაიხსნა, ხოლო პირველი პერსონალური გამოფენა 15 წლის ასაკში ჰქონია. მას მერე მრავალ საერთაშორისო არტ-ღონისძიებასა თუ პროექტშია ჩართული. ამ აქტივობების მიუხედავად, დეა მხოლოდ დღეს გავიცანით — ცხოვრების რიტმის შეცვლასა და „ონლაინ რეჟიმსაც“ ჰქონია თავისი ხიბლი, რადგან სახლში დარჩენილებმა, როგორც იქნა, მოვიცალეთ ადამიანების „დასანახად“ — თურმე, ვინ ყოფილან ისინი?
მუშაობა პირველ კურსზე დაიწყო რადიოში — „საქართველოს ხმა — FM 107.9“. თავდაპირველად სამედიცინო გადაცემის წამყვანი იყო, ახლა კი მისივე საავტორო პოლიტიკურ-ფილოსოფიური და ლიტერატურული გადაცემის — „ლიტერას“ წამყვანია. „ალბათ, ყველას გაუგონია ფრაზა, რომ „თითოეული წარმატების უკან ძლიერი ადამიანები დგანან“. ამიტომ ხშირად ვეუბნები დედას მადლობას, ადამიანს, რომელმაც მისი სამყარო მანდო, რომლის სულის ანარეკლიც ვარ და ურომლისოდაც მე ასეთი არასდროს ვიქნებოდი“, — მწერს დეა.
...
დარჩით სახლში იმ „ყოველდღიურობის“ დასაბრუნებლად, რომელიც ყველას ასე გვაკლია
ის, რომ ბედნიერები ვყოფილვართ თურმე ამ ახალ კორონავირუსამდე და ბევრ რამეს ვერ ვაცნობიერებდით, ვერ ვგრძნობდით და ვერ ვაფასებდით — ეს განცდები სოციალურ ქსელში ყველა სახის ადამიანთა ნაწერებიდან ჩანს. მომავალი ფილოსოფოსის ხედვაც ჩვენს ამ შეფასებას ემთხვევა: „საგაზაფხულო სემესტრის დადგომას დიდი ენთუზიაზმით ველოდი, რადგან ყოველი ახალი კურსი ახალი გამოწვევის ანალოგია. თუმცა, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ჩვენს ცხოვრებაში ახალმა „პარაზიტმა“ შემოანათა — კორონავირუსის სახით. რთულია, როცა გრძნობ და აანალიზებ, თუ რამხელა საშიშროების წინაშე დგას როგორც მსოფლიო, ასევე შენი ქვეყანა. ასევე, რთულია სახლის რუტინასთან შეგუებაც, რადგან სტუდენტური მოძრავი ცხოვრებიდან ფაქტობრივ კოლაფსში, ანუ უძრაობაში აღმოვჩნდით. ამ დროს ჩვენი ფსიქოლოგია მუდმივ ფიქრსა და დილემაშია, რადგან ჩვენ ეკზისტენციალურ „მე“-ს არ შეუძლია მყოფადი პრობლემის მხედველობის ზონიდან გაქრობა, იგნორირება ან გვერდის ავლა. თუმცა, მეორე მხრივ, დატვირთული რეჟიმის მქონე ადამიანები გაცილებით მეტ დროს ატარებენ ოჯახებთან. ასევე, სოციალურ სივრცეებში გაჩნდა იუმორისტული შარჟები და როგორც ჩარლი ჩაპლინი იტყოდა — „თითოეული დღე დაკარგულია იუმორის გარეშე“.
მე საუკუნო უნივერსიტეტში ვსწავლობ, იქ, სადაც მოღვაწეობდნენ და მოღვაწეობენ: ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, ალექსანდრე ერქომაიშვილი, თამაზ გამყრელიძე და სხვა სახელოვანი ადამიანები. ამიტომ, დავსვათ მარტივი კითხვა, რა არის ჩვენთვის უნივერსიტეტი? — ეს არის პატარა სახელმწიფო დიდში, ცოდნის სახლი და ურთიერთობა, სივრცე, სადაც სტუდენტები ლექციაზე ახლის შემეცნების იმედით მიდიან; ასევე, ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება, აზრობრივი გარდატეხების სათავე, პოლემიკისა და დებატების წარმოების სივრცე, თანაც ისე, რომ მხარეები სწორ და ადეკვატურ პოზიციას იცავდნენ და ადგილი, სადაც ინდივიდი — პროფესიულად შემდგარ „პიროვნებად“ უნდა გარდაიქმნას.
სიმართლე გითხრათ, ამ დისტანციურ სწავლასაც შევეჩვიე. რაღაც დოზით კარგია, რადგან მუდმივად სადღაც არ გეჩქარება... თუმცა მიჭირს, რადგან ცოცხალ პოლემიკასა და ემოციებს ვარ მოწყურებული. ჩემი ლექტორები მომენატრა ძალიან, მათთან ურთიერთობა ცალკე სიამოვნებაა. ჩვენ ახლა ბევრი დრო გვაქვს იმაზე საფიქრელად, თუ რა იყო მანამ, რა არის ახლა ან რა იქნება შემდგომ, ამიტომ ეპიდემიის ჩავლასთან ერთად, ვფიქრობ, თითოეული სტუდენტი უფრო მეტად დააფასებს უნივერსიტეტს, მის საქმიანობასა და რეალურ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენი ცხოვრების თანმდევია. დარჩით სახლში იმ „ყოველდღიურობის“ დასაბრუნებლად, რომელიც ყველას ასე გვაკლია!“ — ეს მონოლოგი იმ დიდ-პატარა გოგოს ეკუთვნის, რომელსაც, შეიძლება, ადრე ბევრჯერ გასჭირვებია, მაგრამ არ დაუწუწუნია; სტუდენტობის ასაკშივე მუშაობის დაწყება სცადა, თანაც თავიდან დიდი არჩევანისა და ტუჩის ამრეზის გარეშე — მას ხომ არაფრის კეთება არ ეთაკილება. რამდენჯერაც სულიერად გაუჭირდა, დაჯდა და წერა, მოიმარჯვა ხელში ფანქარი და ხატა — მან ეს ყველაფერი შექმნა! და არა დაანგრია, დაანაკუწა, გადააგდო, გაიბერა... დღეს იცის, თავისი წარმატებისთვის მადლობა ვის უთხრას... „ბოდიშს“ ხშირად არ ამბობს, რადგან, ალბათ, ცოტა დაუშავებია შესაბამისი სიტყვის სათქმელად... დღევანდელ რთულ დროს, როცა თვითიზოლაციიდან და კარანტინიდან უპასუხისმგებლო ზოგიერთი ადამიანი გამორბის, სახლში მობილიზებულ დეას თავისი დღის განრიგი აქვს და მართავს ემოციებს — ვის მიესალმოს, ვის გამოეპასუხოს, ვის რა უთხრას შორიდან... შორიდანაც ეს ადამიანი იმ ციცინათელასავით ჩანს, რომელიც ადგილ-ადგილ სიბნელეს ანათებს... ეს შედარებაც მისმა ფრაზებმა მათქმევინა, რომელიც პასუხად მივიღე კითხვაზე — ფილოსოფია და ღმერთი — ამ თემასაც ხომ არ შეავლე თვალი მსოფლიოსთვის ამ დიდი განსაცდელის ჟამსთქო და მან მიპასუხა: „მსგავს კითხვაზე პასუხს თავს ვარიდებ ხოლმე, თუმცა მოკლედ გიპასუხებთ. ალბათ, საკმაოდ კარგად აღნიშნა არტურ შოპენჰაუერმა, რომ „რელიგია ციცინათელას ჰგავს: იმისთვის, რომ გაანათონ, მათ სიბნელე სჭირდებათ". ხშირად კი ამ სიბნელიდან გამოსავალი საკუთარ ცნობიერში იმ რწმენის აღმოჩენაა, რომელიც ადამიანის სულს ეფინება, გონებას ხსნის და ნებისმიერ დაბრკოლებასთან ბრძოლის ალტერნატივას უჩენს“.
ავტორი: ნინო კაკულია
დეა ცომაიას ნახატები